თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ცნობილი გახდა, თუ რომელი ნომრით გამოვა „ევროვიზიაზე“ საქართველო — კონკურსის ოფიციალურ გვერდზე მონაწილე ქვეყნების რიგითი ნომრები უკვე გამოქვეყნდა.
გაირკვა, რომ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართება, ქართველი მუსიკოსები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz კონკურსის მეორე ნახევარფინალში მე-17 ნომრით გამოვლენ.
ნახევარფინალების მეორე დღეს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz-თან ერთად მსმენელის წინაშე სხვადასხვა ქვეყნის 19 მონაწილე წარდგება.
„ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი 10 მაისს, მეორე კი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირველ დღეს, რომელზეც 18 მომღერალი იმღერებს, ფინეთის წარმომადგენელი გახსნის, ხოლო მეორე დღეს პირველი ლატვიის წარმომადგენელი იქნება.
ორივე ნახევარფინალის შედეგებით გაირკვევა კონკურსის ფინალისტების რიგითობა.
ორი ნახევარფინალიდან საუკეთესოთა ოცეული ფინალში გავა, რომელიც 14 მაისს გაიმართება. აქ მათ შეუერთდებიან მასპინძელი — 2015 წლის გამარჯვებული ქვეყანა და „დიდი ხუთეული“ (კონკურსის დამფუძნებელი ხუთი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი).
„ევროვიზია 2016“-ის ოფიციალური სლოგანია Come together („მოდით, ერთად“).
ჯგუფი YoungGeorgianLolitaz (YGL) 2000 წელს დაფუძნდა. მასში ოთხი წევრია — ნიკა კოჩაროვი, ლევან შანშიაშვილი, გიორგი მარი და დიმა ოგანესიანი. მუსიკოსები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა როკ-ფესტივალში არაერთხელ მონაწილეობდნენ.