თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სასიმღერო კონკურსი „ევროვიზია-2016“ 10-14 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება, აღნიშნულია კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წელს „ევროვიზია“ ვენაში 23 მაისს გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული შვედი მონს სელმერლევი გახდა. ქართველმა შემსრულებელმა ნინა სუბლატმა მე-11 ადგილი დაიკავა. ყველაზე მეტი ქულები მას სომხეთმა და აზერბაიჯანმა მისცეს. რუსეთის წარმომადგენელი პოლინა გაგარინა მეორე ადგილზე გავიდა.
როგორც კონკურსის ვებგვერდზეა აღნიშნული, კონკურსის ჩატარებისთვის შესაბამისი ფართის მოძებნა შვედი მომღერლის გამარჯვებისთანავე დაიწყო. შვედეთმა „ევროვიზიას“ უკვე ექვსჯერ უმასპინძლა. 2013 წელს კონკურსი ქალაქ მალმიში ჩატარდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ევროვიზიის“ კონკურსში მომღერალმა ლორინმა გაიმარჯვა.
ამჯერად კონკურსი სტოკჰოლმში Globe Arena-ზე გაიმართება. კონკურსის გამართვის პრეტენდენტები ასევე იყვნენ გეტებორგი და ლინჩეპინგი. „ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება. გრანდ-ფინალი – 2016 წლის 14 მაისს. ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის შესახებ წელსვე, მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – აღნიშნულია კონკურსის ვებგვერდზე.
სასიმღერო კონკურსი „ევროვიზია“ 1956 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის ჩატარების უფლებას ბოლო კონკურსზე გამარჯვებული შემსრულებლის ქვეყანა იღებს.