თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 100-დღიან მოღვაწეობას თანამდებობაზე და აღნიშნავს, რომ ის წინამორბედებისგან სიმშვიდითა და ადეკვატურობით განსხვავდება.
„გამომდინარე მედიაში გაკეთებული საერთო შეფასებებიდან, კვირიკაშვილის საქმიანობა დადებითია. როგორც მისი თანამებრძოლები, ისე ოპონენტები აღიარებენ, რომ კვირიკაშვილი, პრინციპში, ყოველთვის იმ ვითარების ადეკვატურად მოქმედებს, რომელიც ამა თუ იმ მომენტში წარმოიშობა ხოლმე. მე ხაზს ვუსვამ ოპონენტებს, ვინაიდან ისინი გამუდმებით ეძებენ ხარვეზს“, — უთხრა საყვარელიძემ Sputnik–ს.
კვირიკაშვილმა შეძლო შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც ამ მთავრობის ადეკვატური ნაბიჯების გარანტია, აღნიშნა ექსპერტმა.
„კვირიკაშვილის მომგებიანი თვისება სიმშვიდეა. ის ძალიან მშვიდია, ძალიან დაფიქრებული, ჯერჯერობით ყველა მისი განცხადება აწონილ–დაწონილია და ზუსტად შეესატყვისება მომენტს. ჩვენ არ გვინახავს ის აღელვებული და წყობიდან გამოსული. აღშფოთებასაც კი მშვიდი ტონით გამოხატავს“, — თქვა საყვარელიძემ.
მთავრობის მეთაურის ამგვარი ადეკვატურობა და სიმშვიდე იშვიათი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, დაასკვნა ექსპერტმა.