მინისტრი: 2015 წელს ტურიზმიდან შემოსულმა შემოსავლებმა თითქმის 2 მილიარდი შეადგინა

© ТППГდიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო თვეების მანძილზე გაიზარდა მოთხოვნა საქართველოზე, როგორც დასასვენებელ ადგილზე, შესაბამისად, უცხოელ ტურისტთა რიცხვმა ქვეყანაში პირველ კვარტალში 1 მილიონს გადააჭარბა, თქვა ქუმსიშვილმა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გასულ წელს ამ სფეროდან მიღებულმა შემოსავალმა 1 935 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 148 მილიონი დოლარით აღემატება 2014 წლის მაჩვენებლებს, თქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

„ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც რამდენიმე გამოკვლევით დასტურდება. პირველი სამი თვის განმავლობაში ტურიზმმა ქვეყანას დამატებით 84 მილიონი ლარის შემოსავალი და 14%-იანი ზრდა მოუტანა. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 144 ათასი ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯამში 1,1 მილიონს გადააჭარბა“, — განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კონცერტები და ღონისძიებები მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია, რაც ეხმარება ტურიზმს და ზრდის საქართველოს ცნობადობის ხარისხს. მან მოუწოდა ტურიზმის სექტორს, ძალიან ფრთხილად იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად არაერთი კონკურენტი ქვეყანაა. 

ვარძია - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს

„უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რათა რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი. მოგეხსენებათ, ძალიან აქტიურად მიდის სამუშაოები თბილისის აეროპორტში, ივნისის თვეში უკვე გვექნება განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო მანამდე, მთელი ამ პერიოდის მანძილზე საკმაოდ დაძაბული გრაფიკია აეროპორტში, რადგან საღამოს რვა საათიდან დილის ათ საათამდე ვიღებთ სტუმრებს“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა პირობა დადო, რომ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ისეთ პროექტებს, როგორიც არის Check in Georgia, რათა რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს ქვეყანაში.


ყველა ახალი ამბავი
0