თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. რუსეთის მოქმედი ჩემპიონი და ქვეყნის რაგბის თასის მფლობელი „კრასნი იარი“ წინასეზონურ შეკრებებს საქართველოში ჩაატარებს, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.
კრასნოიარსკის გუნდი თბილისში 26 აპრილამდე დაჰყოფს და ამ პერიოდში ოთხ სატესტო მატჩს გამართავს.
უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას „კრასნი იარი“ 10 აპრილს „არმიის“ წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ „აკადემიას“ შეხვდება. ორ სხვა საკონტროლო შეხვედრაზე ცნობილი მოგვიანებით გახდება.
თავდაპირველად რუს მორაგბეებს წინასეზონური შეკრება ინგლისში უნდა გაემართათ, მაგრამ გარკვეული მიზეზებით გამგზავრება ჩაიშალა.
„ქართული მხარის მადლობელი ვართ, რომ მათ ოპერატიული რეაგირება მოახდინეს ჩვენს წინადადებაზე შეკრების თბილისში ჩატარების თაობაზე. რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმება ჯობია, მაგრამ ასეთი ვითარება ჩამოყალიბდა. ტესტ-მატჩების გარდა დაგეგმილი გვაქვს ერთობლივი წვრთნები, რომლებიც, იმედი მაქვს, სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენთვისაც და ქართული გუნდებისთვისაც. საერთოდ, კლიმატი, სასტუმრო, საწვრთნელი მოედნები, ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და საქართველოს რაგბის ტრადიციები კარგ განწყობაზე გვაყენებს“, — განაცხადა „კრასნი იარის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ნიკოლაიჩუკმა.
რუსი მორაგბეები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. მათ საქართველოს ნაკრების მოთამაშე ლაშა მალაღურიძე შეუერთდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.