თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ისინი საარჩევნო სიებში მოხვდებიან, განაცხადა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, მინისტრები უნდა გადადგნენ, თუ მათ პარტიულ სიებში შეიყვანენ.
„რესპუბლიკურ პარტიას” ჰყავს პარტიული ლიდერები, რომლებიც არიან „რესპუბლიკური პარტიის” მიერ წარდგენილი მინისტრები. ”რესპუბლიკური პარტია” სიის და მაჟორიტარების შერჩევის პროცესში ”რესპუბლიკელ მინისტრებთან” შეთანხმებით გადაწყვეტს, იქნებიან თუ არა ისინი საპარლამენტო კანდიდატები პროპორციული თუ მაჟორიტარული სისტემით… თუ ისინი იქნებიან კანდიდატები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დატოვებენ მინისტრების პოსტს“, — განუცხადა კორძაიამ ჟურნალისტებს.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
ამჟამად საქართველოს მთავრობაში სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრია: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება საკანონმდებლო ხელისუფლებას, „რესპუბლიკელია“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ხოლო პარტიის ფრაქციაში 10 დეპუტატი ამ პარტიის წევრია.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნების ჩატარების თარიღად 2016 წლის 8 ოქტომბერი დაასახელა.