თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პოპულარული ქართული გოგონათა ფოლკ-ტრიო „მანდილი“ სოლო კონცერტებს პირველად გამართავს რუსეთში, განუცხადა Sputnik-ს მუსიკალური ანსამბლის პროდიუსერმა როსტისლავ მასლოვიჩმა.
„მანდილის“ კონცერტები სანკტ-პეტერბურგში, საკონცერტო დარბაზ „ავრორაში 20 აპრილს გაიმართება და 23 აპრილს — მოსკოვში, მოსკოვის КВН-ის ახალგაზრდულ ცენტრში. შესაძლოა, ერთი დამატებითი კონცერტი მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლში 27 აპრილს გაიმართოს“, — აღნიშნა მასლოვიჩმა.
კონცერტებზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები. ჯგუფის წევრების საავტორო კომპოზიციები, „მანდილის“ ცნობილი ჰიტები“, ასევე სიმღერები სადებიუტო ალბომიდან With Love, რომელიც ერთ-ერთ იტალიურ ლეიბლზე 2015 წლის 1 სექტემბერს გამოვიდა. ალბომში შესულია როგორც თანამედროვე, ისე ქართველი კლასიკოსი ავტორების 10 ტრეკი.
რუსეთის შემდეგ „მანდილი“ ევროპაში მოაწყობს ტურს. პროგრამაშია კონცერტები ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.
ტრიო „მანდილის“ შემადგენლობაში არიან — ანა ჭინჭარაული, თათია მგელაძე და შორენა ცისკარაული. საქართველოში გოგონები მათ მიერ გადაღებული და ინტერნეტით გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს შემდეგ გახდნენ პოპულარულნი. ინტერნეტში ორი კვირის მანძილზე, თბილისის მახლობლად, სოფლის გზაზე გადაღებულმა ვიდეომ, სადაც გოგონები ქართულ ხალხურ სიმღერას - „აპარეკას“ მღერიან, მილიონი ნახვა დააგროვა.
ჯგუფის სახელწოდება „მანდილი“, ჯგუფის წევრების თქმით, ერთ ერთი გოგონას დედას ესიზმრა, როგორც წარმატების მომტანი ნიშანი და ამიტომაც შეარჩიეს. გოგონებს სპეციალური მუსიკალური განათლება არ აქვთ. ყველაფერი, მათ შორის ფანდურზე დაკვრაც თვითონ ისწავლეს.