თბილისი, 6 აპრილი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 დეკემბერს უნდა გაიმართოს, დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნა.
ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოს — არჩევნებამდე 60 დღით ადრე შევა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში იმართება. კონკრეტულ თარიღს პრეზიდენტი განსაზღვრავს, არჩევნების თარიღამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის პროცედურები განმარტა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი არჩევნების გამართვის დღეს დაასახელებს, შესაბამისი საკანონმდებლო აქტები ორი დღის განმავლობაში კონტრასიგნაციისათვის მთავრობაში უნდა გადაიგზავნოს.
პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, უნდა განიხილოს ეს საკითხი და დამტკიცების შემთხვევაში, 10 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს არჩევნების თარიღი.
2012 წელს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა გამარჯვება მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუტანა.