თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. კარგარეთელის ქუჩა თბილისის ცენტრში მალე „გამწვანდება“ და ულტრათანამედროვე გახდება, განაცხადა ტექნოლოგიური განვითარების ფონდის დირექტორმა კახა გვანცელაძემ. “მწვანე ქუჩაზე“ მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენ მოწყობილობებს, ქუჩის განათებასა და ინოვაციურ ნაგვის ურნებს დააყენებენ.
„მოსახლეობას მზის ენერგიაზე მომუშავე დამტენი მოწყობილობის მეშვეობით მობილური ტელეფონების და ნოუთბუქების დატენვის საშუალება ექნება…ასევე „თელასის“ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმისათვის, რომ ქუჩაში ელექტრომანქანების დასატენად აპარატურა დამონტაჟდეს“,- ფონდის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა გვანცელაძემ.
კარგარეთელის ქუჩაზე დადგამენ სკამებს, რომლებზეც მალევე წვიმის მერე შესაძლებელი იქნება ჯდომა, მშრალ მხარეზე თუ შემოტრიალდება. გარდა ამისა, ქუჩაზე აპარატი იქნება, რომელიც ჰაერის დაბინძურების დონეს შეამოწმებს, ამინდის პროგნოზის და მოსახლეობისათვის სხვა საინტერესო საკითხების შესახებ ინფორმაციას მოგვაწოდებს.
„ეს პატარა ქუჩაა, დაახლოებით 230 მეტრის სიგრძის, მაგრამ მსგავსი პროექტი სხვა დიდ ქუჩებზე შეიძლება განხორციელდეს“,-აღნიშნა გვანცელაძემ. კონცეფცია ქართულ-გერმანული კომპანიის მიერ არის შემუშავებული, ხოლო პროექტირებას ქართული კომპანია ახორციელებს.