თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთაც ქართველები სჩადიან გერმანიაში, მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით, მაინც პრობლემად რჩება, — განაცხადა ქვედა საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა (Boris Pistorius).
ეს განცხადება გერმანელმა ჩინოვნიკმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში.
„მართალია, ქართველების მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილი დანაშაული სხვა ქვეყნების მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან შედარებით მცირეა, მაგრამ ეს მაინც პრობლემაა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ“, — ციტირებს შსს–ის პრესსამსახური პისტორიუსს.
ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულებების პრობლემა პირველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბავარიის ფედერალური მიწის ვიცე–პრემიერთან, შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იოაჰიმ ჰერმანთან (Joachim Herrmann) შეხვედრისას წამოიჭრა.
გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში სამუშაო ვიზიტით 29 მარტს გაემგზავრა.
პისტორიუსისა და ჰერმანის გარდა, ქართველი მინისტრი უკვე შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევს (Bernard Cazeneuve) და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს (Roger Lewentz).
გიორგი მღებრიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა რეინ–ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციულ საკითხთა მინისტრთან, სახელმწიფო მდივან ბერნარ ნებესთან (Bernhard Nebe).
შს მინისტრის ვიზიტი 6 აპრილამდე გასტანს.