თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველო და ევროკავშირი ურთიერთობების ახალ დონეზე გადადიან, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრისას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის, ბატონი ავრამოპულოსის საქართველოში ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ეს არის დასტური იმ ძალისხმევისა, რომელიც საქართველომ გასწია, რომ საკუთარი საემიგრაციო პოლიტიკა ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა“, ციტირებს ჯანელიძის სიტყვებს უწყების პრესსამსახური.
ევროკომისარი ავრამოპულოსი საქართველოს 2 აპრილს ეწვია. გარდა საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისა, ევროკომისარს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დიმიტრის ავრამოპულოსი ასევე შეხვდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძესა და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს.