დოლი: საქართველომ ევროკავშირთან ვიზების გაუქმებაზე განცხადებით „თამასა მაღლა ასწია“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპის სახალხო პარტიაში“ განაცხადეს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. თბილისში ვიზიტად მყოფმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „თამასა მაღლა ასწია“, როცა გამოაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ივნისში მიიღებს.

გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას შანტაჟი უწოდეს

საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით ევროკომისია გამოვიდა. მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის აბრამოპულოსის განცხადებით, ევროკომისია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ზაფხულის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას. თუმცა, რამდენიმე დღის წინ დოლმა განაცხადა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

„ვხედავ, ჩემს განცხადებას ბევრი გამოძახილი ჰქონდა, მესმის, რომ ამაზე ბევრს წერენ, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ: სწორედ ჩვენი პარტია იყო ის, რომელიც ყველაზე მეტს მუშაობდა და დღემდე მუშაობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისა და ინტეგრაციისთვის. რაც შეეხება ვიზებს… მართალია, ევროკომისიამ სავიზო საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ წინ საბჭოს გადაწყვეტილებაა, ასევე კენჭისყრა ევროპარლამენტში. ივნისის, როგორც უვიზო რეჟიმის მიღების თარიღად დასახელებით საქართველოს ხელისუფლებამ თამასა ძალზე მაღლა ასწია“, — განუცხადა დოლმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ის საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მხარს უჭერს, თუმცა არ სურს „ქართველ ხალხს იმედი გაუცრუვდეს“. მისი თქმით, ის საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეისწავლოს ვითარება და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ოპოზიციურ  პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არასამთავრობო  ორგანიზაციებთან შეხვედრისას სასამართლოს დამოუკიდებლობის, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ქვეყნის ზოგადი განვითარების საკითხები განიხილოს.

„შეგახსენებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, და საქართველოს მოქალაქეებიც მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს პროცედურა კიდევ გრძელდება, რაც ნორმალურია. ასეთი წესი მოქმედებს ყველა ქვეყანასთან მიმართებით“, — დასძინა მან.

დოლი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. დედაქალაქის აეროპორტში მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომლებმაც დოლის მიერ გაკეთებული განცხადებები და ასევე მის მიერ „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა გააკრიტიკეს.

ყველა ახალი ამბავი
0