თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის (Joseph Daul) განცხადება, რომელშიც დასახელებულია პირობები, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს პარტია მხარს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, შანტაჟს წარმოადგენს, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ.
ევროპაში ყველაზე მსხვილი პარტიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროპარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. საქართველოს ხელისუფლება უვიზო რეჟიმის მიღებას ზაფხულის დასაწყისში ვარაუდობს.
„შანტაჟის ფორმის შინაარსის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება, არამედ ევროპულ პოლიტიკასა და სტრატეგიას საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით,“ — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წევრია, მიიჩნევს, რომ დაულის განცხადებას ყურადღებით უნდა მოეკიდონ.
„საქართველოს უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს უვიზო რეჟიმი, ჯერ კიდევ 2014 წელს. ეს რომ არ მოხდა, მთავრობის ბრალია, მთავრობის სიზარმაცის… ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ყველანაირად ვეცდებით, რომ უვიზო რეჟიმი საპარლამენტო არჩევნებამდე ამოქმედდეს“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.
ევროპის სახალხო პარტია (EuropeanPeople'sParty) ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაარსდა და ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტშია წარმოდგენილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია.
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნი სთაობაზე დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ევროკომისია მარტის დასაწყისში საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და წინადადება წამოაყენა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაში შევიდეს, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
თუ ევროდეპუტატები ამ კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.