ქართულ ფესვებთან მაგიური მიზიდულობა, ქალური სახეების ძლიერი ნოტები და 90–იანების დაუვიწყარი ელემენტები — დედაქალაქში Tbilisi Fashion Week–ის მე–13 სეზონი გაიხსნა.
თბილისის მოდის კვირეული ლაკო ბუკიას კოლექციის ჩვენებით გაიხსნა, რომელმაც 2016–2017 წლის შემოდგომა–ზამთრის სამოსი წარმოადგინა. ახალგაზრდა დიზაინერმა მთავარი აქცენტი ტყავზე, ქარგულობასა და გეომეტრიულ ფორმებზე გააკეთა.
როგორც თავად მოდელიერი ამბობს, ახალ კოლექციაში საკუთარი შემოქმედების მთავარი პრინციპისთვის — ქალის ძლიერი სახისთვის არ უღალატია. თუმცა ჩვენების დროს პუბლიკა სამოსზე კი არა, ქალების ჰიპ–ჰოპზე რეაგირებდა, რომლითაც გაფორმებული იყო დეფილე.
Chubika–ს ჩვენება — ეს უბრალოდ მოდა კი არ არის, არამედ ნამდვილი ხელოვნებაა. დიზაინერი და მხატვარი ნინო ჩუბინაშვილი გამუდმებით ცდილობს, რომ თანამედროვე მოდის ტენდენციები საქართველოს კულტურისა და ისტორიის პრიზმაში წარმოადგინოს. და ეს ცუდად არ გამოსდის, რამდენადაც Chubika–ს ჩვენებები, უფრო კი წარმტაცი პერფომანსები, ყოველთვის მაქსიმალურ ყურადღებას იპყრობს.
ასე მოხდა ამჯერადაც: ნინო ჩუბინაშვილის ჩვენების პირველივე წუთებზე, უკანა რიგებში მსხდომები სკამებზე შედგნენ, რათა დიზაინერის არტ–პერფომანსიდან არცერთი დეტალი არ გამოპარვოდათ.
სანახავი კი მართლაც იყო. Chubika–მ ახალ კოლექციაში მთავარ ადგილზე ეთნოელემენტები დააყენა — ა ლა ფაფახი, შავი და თეთრი დახვეწილი ფართე შარვლები, ქართული ტაძრების ქარგულობა. და ყველაფერი ეს, დიზაინერის თქმით, დასავლურ–აღმოსავლურ მიქსში. მოკლედ, დიზაინერის კოლექციაში რაღაც თავისი იპოვეს როგორც ქართველმა, ისე ყაზახეთიდან, უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალურმა სტუმრებმა.
ყველაფერთან ერთად, ნინო ჩუბინაშვილის ჩვენებაზე მოდელებიც განსხვავებულად იქცეოდნენ: ხან უზარმაზარ ბურთებს დააგორებდნენ პოდიუმზე და ხან ნელა დანარნარებდნენ, ხანაც პროსტრაციაში ისხდნენ არტ–ობიექტებზე. თითქმის ყველა მანეკენი ამორძალივით გამოიყურებოდა — ქალი–დომინანტივით ან შემოქმედივით, დიდებულები და მისტიურები, ხელებზე კი ტრადიციულად ბრენდ Chubika–ს სამაჯურები ეკეთათ.
მოდის კვირეულის პირველი დღის კულმინაცია იყო მოდის სახლ Dalood–ის ნამდვილი წარმოდგენა, რომელიც თბილისის ოპერის განახლებული თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გაიმართა. სხვათა შორის, Dalood თავდაპირველად ქართველი დიზაინერების ბუტიკი იყო მოსკოვში, ახლა კი პერსპექტიულ და დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
საღამოზე 90–იანი წლების მოტივებზე შექმნილი ახალი კოლექცია წარმოადგინა Dalood–ის კრეატიულმა დირექტორმა მაკა კვიციანმა. დიზაინერმა შოუს სტუმრებს გასული საუკუნის გამაოგნებელი ფერები და ფანტაზიები გაახსენა.
პოდიუმზე გამოჩნდა რუხი უჯრულა ქსოვილი, ბრჭყვიალა კაბა–ლაბადები, ჯემპრები და კიკინები, კაშკაშა ჭრელი მინი ქვედა ბოლოები, ფართო ჯინსები, წითელი ჩექმები მუხლს ზემოთ და სხვა ბევრი ნოსტალგიური ელემენტი 90–იანებიდან.
მაყურებლის აღფრთოვანებით თუ ვიმსჯელებთ, Dalood–ის ახალი კოლექციის ჩვენება — ეს Tbilisi Fashion Week–ის მე–13 სეზონის ღირსეული გახსნა იყო.
თბილისელ მოდის მიმდევრებს ახალი კოლექციებისთვის თვალის მიდევნება 3 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.