თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. დნეპროპეტროვსკის დიზაინერთა სახლმა Blue flax-მა სპეციალურად თბილისის მოდის კვირეულისთვის ახალი კოლექცია შექმნა, აღნიშნა Sputnik-თან საუბრისას დიზაინერმა ოლგა შახვოროსტოვამ.
თბილისის მოდის კვირეული (Tbilisi Fashion Week) დედაქალაქში 31 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით იმართება. ღონისძიებაში როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერები მონაწილეობენ.
„ქართველი ქალები მოკრძალებული არიან, ამავე დროს მათში ბევრი შარმია. მათ სტილის, გემოვნების კარგი გრძნობა აქვთ, ამიტომ აქ ჩვენი აუდიტორიის პოვნის იმედი გვაქვს. ქართველი ქალების ინდივიდუალობა უნდა გაიხსნას, გამოაშკარავდეს. მათ სწორედ ჩვენი ტანსაცმელი დაეხმარებათ იმაში, რომ გახდნენ უფრო თამამი და საკუთარ თავში დარწმუნებული, რადგან ჩვენი კაბები რომ ჩაიცვა, მასიდან გამორჩევის არ უნდა გეშინოდეს“, — განაცხადა შახვოროსტოვამ.
თბილისის მოდის კვირეულზე უკრაინელი დიზაინერები 13 კაბას წარმოადგენენ, რომლებიც ხელით არის შექმნილი, თითქმის ყველა ნათელ ფერებშია შესრულებული. შახვოროსტოვას თქმით, კოლექციაში ცისარტყელას ყველა ფერის ნახვა შეიძლება.

თუმცა სპეციალურად თბილისის მოდის კვირეულისთვის უკრაინელმა დიზაინერებმა შავი კაბის შექმნაც გადაწყვიტეს, რადგან შეამჩნიეს, რომ აღმოსავლეთის ქალები უპირატესობას მუქ ტონებს ანიჭებენ.
„სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ბიჟუტერიის კოლექციაც შევუკვეთეთ, რომელიც, ჩვენი აზრით, შეავსებს მთლიან სახეს და ჩვენს ტანსაცმელს აღმოსავლეთის ქალის მენტალობას დაუახლოებს“, — აღნიშნა შახვაროსტოვამ.
უკრაინელი დიზაინერების მთავარი ამოცანა ტანსაცმელში ქალურობის გადმოცემა და ქალის სახის მაქსიმალურად გახსნაა. შახვოროსტოვა დარწმუნებულია, რომ საქართველოში უკრაინულ სტილს აუცილებლად შეიყვარებენ.

„ძალიან მომწონს აღმოსავლეთის ქალები, რადგან ისინი საკუთარ სახეს ორიგინალურად ქმნიან, უყვართ სამკაული. მგონია, რომ ჩვენი კოლექცია აქ თავის თაყვანისმცემლებს იპოვის. აქ ძალიან ბევრი ნაცრისფერ-შავი ფერებია. ჩვენ გვინდა, ეს ერთფეროვნება „გავაზავოთ“, — აღნიშნა შახვოროსტოვამ.
მომავალში უკრაინელი დიზაინერები ქართული ხალხური რეწვის ოსტატებთან შეხვედრას აპირებენ, რათა მეტი გაიგონ ტრადიციების, სიმბოლოების შესახებ და შემდეგ ეს უკრაინულ მოხატულობასა (узор) და ორნამენტებს მიუსადაგონ.
„ხალხურ მოხატულობებში დაშიფრულია ქალურობის, ნაყოფიერების სიმბოლოები. ეს მხოლოდ ხაზები და ორნამენტები არაა — მათში განსაზღვრული შიფრი, თილისმა, ავგაროზებია, ამიტომ ქართული სიმბოლოების შესახებ მეტის გაგება საინტერესოა“, — აღნიშნა დიზაინერმა.
