თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე 2016 წლის ივლისში თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე რუსეთის დელეგაციის ყოფნას მიესალმება, თუმცა არა კანონის გვერდის ავლით.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ნიკოლაი კოვალიოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ სიტყვიერად დაარწმუნა, რომ რუსული დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ქვეყანაში შესვლას სრული შემადგენლობით შეძლებს.
„ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც კონსენსუსის პრინციპს ეყრდნობა და ნებისმიერი შეხვედრა, იქნება ეს საპარლამენტო ასამბლეისა თუ მუდმივი საბჭოს დონეზე, უნდა გაიმართოს. ნებისმიერმა დელეგაციამ, მათ შორის რუსულმა, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს. უბრალოდ, ახლა გზა უნდა გამოვნახოთ, რომ ეს ქართული კანონმდებლობის დარღვევის გარეშე მოხდეს“, — განაცხადა დოლიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
დეპუტატის თქმით, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრია, არსებობს გარკვეული ბერკეტები, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკასა და ეუთოს პრაქტიკაში, რომლებიც მსგავს შემთხვევებში შეიძლება იქნას გამოყენებული.
„ასეთი რამ შესაძლებელია ისე, რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდი არ ავუაროთ, შეიძლება სხვადასხვა მექანიზმის მოძიება, რომლის საშუალებითაც ნარიშკინი (რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი) ან დელეგაციის სხვა წევრები სესიაზე დასწრებას შეძლებენ“, — განაცხადა დოლიძემ.
დეპუტატმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მხოლოდ სიტყვიერი გარანტიები საკმარისი არაა — კანონი არ უნდა დაირღვეს.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში განაცხადა, რომ რუსი დეპუტატები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას არ გამორიცხავენ, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჩატარდება, თუმცა მათ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და კიდევ იმის გარანტიები, რომ „ოკუპაციის შესახებ“ მოქმედი კანონი დეპუტატებს პრობლემებს არ შეუქმნის. კარასინმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ეს კანონი გაეუქმებინა.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის საპასუხოდ აღიარა.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, ამ ტერიტორიებზე შესვლა ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე უკანონობაა და ისჯება ან დიდი რაოდენობის ფულადი ჯარიმით, ან ოთხ წლამდე ვადით პატიმრობით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებას ქვეყნის ისტორიის ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა, ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება უწოდა, რომელშიც მონაწილეობას ეუთოს 57 საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს.