თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისი ლიდერობს საქართველოში ქორწინებებისა და განქორწინებების რიცხვით. 2015 წელს დედაქალაქში 8 ათას 249 წყვილი დაქორწინდა და 3ათას 601 წყვილი განქორწინდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
სულ 2015 წელს საქართველოში 29 ათას 157 წყვილი დარეგისტრირდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,5%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში განქორწინების მაჩვენებელი 9 ათას 112 წყვილი იყო, რაც 0,1%-ით ნაკლებია ვიდრე 2014 წელს.
საქსტატის მონაცემებით, საკმაოდ ხშირად ქორწინდებიან აჭარაში, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი როგორც ქორწინების, ასევე განქორწინების მხრივ ნარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში, სადაც 232 წყვილი დაქორწინდა და 59 განქორწინდა.
2015 წლის განმავლობაში 3,1%-ით გაიზარდა განქორწინების რიცხვი იმ წყვილებს შორის, რომელთაც 0-10 წლამდე იცხოვრეს ერთად. განქორწინებების საერთო რიცხვიდან, ყველაზე დიდი წილი — 10,2% მოდის იმ წყვილებზე, რომელთაც ერთი წელიც არ უცხოვრიათ ერთად.