თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოში 2015 წელს 9%-ით მეტი ბიჭი დაიბადა, ვიდრე გოგონა, 2015 წელს დაიბადა 59 249 ადამიანი, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
მთლიანობაში, 2014 წელთან შედარებით, შობადობა საქართველოში 2,3%-ით შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა 0,7%-ით გაიზარდა.
შობადობის მიხედვით პირველ ადგილზეა დედაქალაქი. მას მოსდევს იმერეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონები. კარგი მდგომარეობაა კახეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში.
2008 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება დაბადებულთა რიგითობაში: წილი, რომელიც პირველ ბავშვზე მოდის, შემცირდა, მესამე და მომდევნო ბავშვებზე — გაიზარდა, ხოლო წილი მეორე ბავშვზე არ შეცვლილა.
ეს ცვლილებები, შესაძლოა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ოჯახში დაბადებულ მესამე და შემდგომ ბავშვს ნათლავს. პირველი მასობრივი ნათლობა პატრიარქის ინიციატივით სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს მოეწყო. ამჟამად ილია მეორის ნათლული თითქმის 27 ათასი ბავშვია.
სიკვდილიანობის დონე 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 0,7%-ით გაიზარდა და 49 121 ადამიანი შეადგინა.
გასულ წელს სიკვდილიანობის ყველაზე დიდი ზრდა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის 65-69 წლისა და 85 და მეტი ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი პროცენტი ორივე სქესის ადამიანებში — 70-74 წლის ასაკში.
სიკვდილიანობის, ისევე, როგორც შობადობის დონით პირველ ადგილზე არიან თბილისი და იმერეთის რეგიონი. ყველაზე დაბალი დონეა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
ბუნებრივი მატების დონე, მიუხედავად 12,3%-იანი კლებისა 2014 წელთან შედარებით, შედარებით მაღალი რჩება და მან 10 128 ადამიანი შეადგინა.
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 729,5 ათასი ადამიანი იყო, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით ნაკლებია. მოსახლეობის 57,4% (2 140,4 ათასი ადამიანი) ქალაქებში ცხოვრობს, ხოლო 42,6% (1 589,2 ათასი) — სოფლად.
დედაქალაქის მოსახლეობა საანგარიშო პერიოდში 1 118,3 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.