თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ამჟამად კომპანია Albright Stonebridge Group-ის ხელმძღვანელს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მარგველაშვილი აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთისა და უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს", — აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.