თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მიზნით გაემგზავრა. გარდა ამისა სახელმწიფოს მეთაურს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან რიგი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური, სამხედრო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა.
„შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ, საერთო ღირებულებებისა და მშვიდობისათვის ბრძოლის ყველაზე სანდო და საიმედო მოკავშირედ დასავლური სამყაროსთვის. მნიშვნელოვანია საქართველო–აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რაც მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში რამსფელდის ფონდის პრეზიდენტსა და აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა, რომელზეც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, რეგიონში არსებული გართულებული მდგომარეობისა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნების საკითხები განიხილეს.
„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიისა და პროგრესის თვალსაზრისით“, — განაცხადა რამსფელდმა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია საქართველოსა და აშშ-ის ბირთვულ მარეგულირებლებს შორის რეფერენდუმის გაფორმება.
ის ასევე დაესწრება ამერიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ სადილს, გამართავს შეხვედრას უნგრელ და პოლონელ კოლეგებთან, ასევე ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან.