თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს ზღვით სწრაფმავალი წყალქვეშაფრთიანი სამგზავრო გემი „კომეტა“ დააკავშირებს — რეგულარულ რეისებს „ბათუმი-სოჭი“ და „სოჭი-ბათუმი“ 29 აპრილიდან ქართული კომპანია „ექსპრეს-ბათუმი“ განახორციელებს, განუცხადა Sputnik-ს კომპანიის დირექტორმა ზურაბ კირცხალიამ.
პირველ ეტაპზე, სეზონის დაწყებამდე ბათუმის „კომეტა“ რეისებს კვირაში ერთხელ განახორციელებს — ხუთშაბათობით დილით ბათუმიდან, ხოლო პარასკევობით — სოჭიდან, როგორც ეს გასულ წელს იყო, განაცხადა კირცხალიამ.
„წელს ტურისტების დიდი ნაკადია მოსალოდნელი, რადგან ძალიან ბევრი არ წავა თურქეთში დასასვენებლად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების გამო და ისინი ბათუმში აპირებენ ჩამოსვლას. ჯერ დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან სეზონი არაა, ხოლო მაისის ბოლო—ივნისის დასაწყისიდან ტურისტების სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი“, — განაცხადა მან.
ნორმალურ ამინდში, ზაფხულში კი, ძირითადად, კარგი ამინდებია, „კომეტა“ ამ გზას ხუთ საათში გადის. „კომეტაში“, დოკუმენტების მიხედვით, 114 ადგილია, განაცხადა კირცხალიამ.
„დროთა განმავლობაში, ტურისტების ზრდასთან ერთად, სოჭის მხარესთან შეთანხმებით, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება — თავდაპირველად კვირაში ორჯერ, შემდეგ — სამჯერ“, — განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
კირცხალიას თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდას ის ფაქტიც შეუწყობს ხელს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარეც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს.
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, რუსეთს მეოთხე ადგილი უკავია. 2015 წელს საქართველოს რუსეთიდან 925 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, რაც 2014 წელთან შედარებით, 14%-ით მეტია.