თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია დაიწყეს. Sputnik-ი აქციის ამსახველ ფოტოკადრებს გთავაზობთ.
ორდღიან შიმშილობის აქციაში რვა სტუდენდი მონაწილეობდა, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას თსუ-ში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღებისაკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით 2015 წლის ოქტომბერსა და ამა წლის მარტში გამართეს. მათ თავიანთი მოთხოვნა იმით ახსნეს, რომ თითქოს რექტორი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
„მან (პაპავამ — რედ.) პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ უნივერსიტეტში ძალოვანი უწყებებისა და სხვა სტრუქტურების აგენტები მუშაობენ. მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი არ ვითარდება და ერთადერთი, რაც ვითარდება — სტუდენტებს შორის დაპირისპირებაა“, — განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ ბახო კვირიკაშვილმა.
როგორც ოთხშაბათს, საღამოს გახდა ცნობილი, ვლადიმერ პაპავამ რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.