საქართველოში ბოლო წლებში კვების პროდუქტების ხარისხი უფრო მკაცრად კონტროლდება, აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე. ამ პროცესში აქტიურ როლს თვითონ საქართველოს მოქალაქეები ასრულებენ, რომლებიც სააგენტოს „ცხელ ხაზს“ უფრო ხშირად მიმართავენ და აღმოჩენილი უხარისხო პროდუქტების შესახებ აწვდიან ცნობებს. ამის შესახებ მოსახლეობა ასევე სოციალურ ქსელებში წერს, რაც სააგენტოს მუშაობას უადვილებს.
მაგალითად, 2016 წლის იანვარში „ცხელ ხაზზე“ 274 შეტყობინება შემოვიდა, თებერვალში — 444, მარტში კი — 343. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, კომპანიებში გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებებს ატარებს. შედარებისათვის, 2014 წელს საქართველოში 7,3 ათასი კომპანიის სიტუაცია შეისწავლეს, 2015 წელს კი —16,5 ათასის.
„აქტიურად დავიწყეთ სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე სამკურნალო და საზოგადოებრივი დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება. მოწმდება აგრარული ბაზრები და სასაკლაოები“, — ციტირებს სოხაძის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო “Новости-Грузия“.
2014 წელს საქართველოში ხორცის რეალიზაციით დაკავებული 107 ობიექტი შემოწმდა, 2015 წელს კი — 564. რაც შეეხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, 2014 წელს გეგმიური ინსპექტირება 300 ობიექტზე ჩატარდა, 2015 წელს კი-1 ათასზე მეტზე.
2014 წელს ვადაგასული კვების პროდუქტების რეალიზაციის 230 შემთხვევა გამოვლინდა, 2015 წელს კი-552. ეს მაჩვენებელი იმის გამო გაიზარდა, რომ შემოწმებებმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო.
სოხაძემ ასევე რძის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ გიახსენა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. თაფლის ტექნიკური რეგლამენტიც ამოქმედდა, რაც უცხოეთში ქართული პროდუქტის ექსპორტს უწყობს ხელს. საქართველოში ღვინოზე და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც კონტროლი გამკაცრდა.