თბილისი, 30 მარტი — Sputnik. მთავარმა პროკურატურამ გამოარკვია, რომ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ვანო მაჭავარიანს სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, აღნიშნულია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში მოწმის სახით მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან განაცხადა, რომ 18 მარტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიიღო ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. მარტის დასაწყისში YouTube-ზე ორჯერ აიტვირთა ქართველი პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ორივე ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
„ი. მაჭავარიანის გამოკითხვით დადგინდა, რომ მას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მაჭავარიანმა გამომძიებელთან საუბრისას აღნიშნა მხოლოდ ის, რომ facebook-ის პირად გვერდზე ათვალიერებდა ე.წ,,აქტივობის კედელს“, რა დროსაც შეამჩნია მისთვის უცნობი ჯგუფის სახელით გაზიარებული ე.წ. „ლინკი“, რომელიც დასათაურებული იყო „სკანდალური კადრების“ სახელით. მას არ უნახავს ხსენებული კადრები, ვინაიდან თვლიდა, რომ იქნებოდა კომპიუტერული „ვირუსი“-ს შემცველი და შესაბამისად არ იცის ამ კადრების შინაარსი, ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ მას რამოდენიმე დღის წინ გაეგზავნა მისივე ფოტოს გამოყენებით შექმნილი facebook გვერდიდან მეგობრობის თხოვნა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა „ჰაკერულ“ თავდასხმად.
ამასთან, მაჭავარიანმა უარი განაცხადა მასთან ერთად მისი კუთვნილი „ფეისბუქის“ გვერდის დათვალიერებაზე.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების პირადი, სექსუალური ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში უკრაინიდან, შვედეთიდან და ლიტვიდან აიტვირთა.