თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ესპანეთის ბირთვული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა ჩემოდნის მოპარვის შესახებ, რომელშიც რადიოაქტიური მასალები იყო, და ქვეყნის მოსახლეობას მის ძებნაში დახმარება სთხოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მოპარული აღჭურვილობა ხუთბალიანი შკალით მეოთხე დონის რადიოაქტიურ წყაროებს შეიცავს, აზუსტებს გაზეთი La Vanguardia. მეოთხე კატეგორია გულისხმობს, რომ „ნაკლებსავარაუდოა, ის ადამიანებისთვის საშიშრებას წარმოადგენდეს“, რამდენადაც რადიოაქტიური მასალები კაფსულებშია მოთავსებული, თუმცა მისი გარსის დაზიანების შემთხვევაში ის უკვე საფრთხეს წარმოადგენს.
ჩემოდნის შიგნით არის მოწყობილობა, რითიც ნიადაგის სიმკვრივე და სინოტივე იზომება, აღნიშნავს La Vanguardia. შიგნით არის ორი რადიოაქტიური ნივთიერება გამოსხივების დაბალი დონით.
ჩემოდანი სევილიაში, გაჩერებული ავტომობილიდან მოიპარეს. ის მასალების შესწავლისა და სამშენებლო სამუშაოების კონტროლის ცენტრს ეკუთვნის. ბირთვული უსაფრთხოების საბჭომ დანაკარგი აღწერა, როგორც „ფორთოხლისფერი ჩემოდანი“ ორმაგი დამცავი საკეტით.
საბჭო მპოვნელს სთხოვს, ჩემოდნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ხელისუფლებას, პოლიციას, ან დარეკონ საგანგებო სამსახურის ტელეფონის ნომერზე.