თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ვარდანიანის ბანდის მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო, განაცხადა სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილემ მიქაელ ამბარცუმიანმა, წერს „Sputnik სომხეთი“.
ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მთელი რიგი მძიმე დანაშაულების ჩადენას გეგმავდა, 2015 წლის 25 ნოემბერს გააუვნებლეს. ბანდის მეთაური სომხეთის მოქალაქე არტურ ვარდანიანი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
„აღმოჩენილია არტურ ვარდანიანის ვიდეომიმართვა, რომელიც გადატრიალების შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო. ვიდეოს დასაწყისშივე ვარდანიანი აცხადებს, რომ მათ იარაღით განახორციელეს ეს ინიციატივა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან ერთად“, — განაცხადა ამბარცუმიანმა.
მან დაჯგუფების წევრების სპიტაკის რაიონის სოფელ წახკაბერში გადაღებული ფოტოებიც წარმოადგინა, რომლებიც სამხედრო კამუფლაჟში არიან გამოწყობილი.
ამბარცუმიანის თქმით, ბანდის ყველა წევრი დაკავებულია, ხოლო მათთვის იარაღის მიმწოდებელი პირები ასევე გადიან საქმეში.
ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯგუფის ცალკეულ წევრებს პრეზიდენტზე თავდასხმა სურდათ, მაგრამ თავად ვარდანიანმა არ მიიღო ეს წინადადება და შეტევისთვის სახელმწიფო ობიექტები აირჩია.
ბანდამ ჩამოყალიბება 2015 წლის მაისში დაიწო, თავდასხმა კი ეროვნული კრების ნოემბრის სესიის შემდეგ იგეგმებოდა.
ამჟამად ამ საქმეზე ბრალი წაყენებული აქვს 33 პირს, მათგან 25 პატიმრობაში იმყოფება. დანარჩენი გამოშვებულია წინასწარი გამოძიების პროცესის ფარგლებში.