თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის ძალების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პუნქტია რეგიონში მშვიდობის დამყარება, აღნიშნეს სოხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სეირან ოგანიანმა და თინათინ ხიდაშელმა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე, იტყობინება Sputnik Армения.
სეირან ოგანიანის თქმით, რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის საფუძველი პოლიტიკური ნება, მოლაპარაკებები, დიალოგი და ტოლერანტული ატმოსფეროს შექმნაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემებში არიან გაწევრიანრებულნი, ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის წევრი ვართ, ხოლო საქართველო ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვის, ეს არ გვიშლის, რომ ჩვემ გავაერთიანოთ კეთილმეზობლური ძალისხმევა რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის“, — თქვა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც ქართველი და სომეხი სამხედროები ერთად მსახურობენ მაზარი-შარიფში ერთი მიზნისათვის — მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ჟურნალისტების კითხვაზე თურქეთის როლის შესახებ, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის.
„ჩვენ მადლიერნი ვართ თურქეთის ყველა ინიციატივაში მხარდაჭერისათვის. ეს ეხება ორი ქვეყნის ურთიერთობას ნატოში და სხვა ფორმატში. თურქეთი ასევე მხარში ამოუდგა საქართველოს გასულ წელს მომხდარი წყალდიდობის დროს“, — აღნიშნა მან.
ამასთან საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უარი თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის კენჭისყრის კომენტირებაზე „სომხურ მოხსენებებთან“ დაკავშირებით (ქართველმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის მიღებას). მისი თქმით, ის უკვე არ არის პარლამენტის დეპუტატი და არ შეუძლია ყოფილი კოლეგების გადაწყვეტილების კომენტირება.
თუმცა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ სტატისტიკა არ მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ ქართული და სომხური დელეგაციები კმაყოფილნი არიან ერთმანეთის კენჭისყრებით“, — თქვა მან.
31 იანვრიდან 2 თებერვლამდე საქართველოს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება.