თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სეირან ოგანიანმა და თინათინ ხიდაშელმა 2016 წელს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, იუწყება „Sputnik სომხეთი“. დოკუმენტს ხელი თინათინ ხიდაშელის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მოეწერა.
სამხედრო თანამშრომლობის ყოველწლიური პროგრამის ძირითადი დებულებებია: სამშვიდობო, სამხედრო განათლების, პროფესიული მომზადებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროებში გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
„შეხვედრისას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ, გვაქვს რა საფუძველი, ვიამაყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებით, სომხეთსა და საქართველოს ერთმანეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ უშიშროების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. მჭიდრო ურთიერთობებმა ამ სფეროებში შექმნა წინაპირობები 2010 წლიდან თავდაცვის სფეროში თანამიმდევრული თანამშრომლობის განვითარებისა და უზრუნველყოფისთვის“, — განაცხადა ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა.
ხიდაშელი, სავარაუდოდ, სომხეთში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან, სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან, პრემიერ-მინისტრ ოვიკ აბრამიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან.