თბილისი, 30 მარტი — Sputnik. დიდი ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორად მიიჩნევს და მხარს უჭერს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებს, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თბილისში ვიზიტისას, მისი სიტყვები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს.
ჰამონდმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ჯალაღანიასთან. მისი საქართველოში ვიზიტი ხუთშაბათს დასრულდება.
„ბრიტანეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორს და წარმატების მაგალითს რეგიონში. ხაზი გაესვა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა. ჰამონდმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჰამონდი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე თანამშრომლობის გაღრმავებას უსაფრთხოების საკითხებზე.