თბილისი, 30 მარტი — Sputnik. 2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი მოსახლეობაზე აღარ გაიცემა, აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
„აღნიშნული პროექტი 2013-2015 წლებზე იყო გათვლილი და მიზნად მოსახლეობის სოციალურ თანადგომას ისახავდა. დაუბეგრავი მინიმუმით შეეძლოთ ესარგებლათ მოქალაქეებს, რომელთა მთელი წლის მანძილზე მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000-მდე ლარს შეადგენდა, მას წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადიდან 360 ლარი უბრუნდებოდა, ხოლო თუ მისი შემოსავალი1800 ლარამდე იყო, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარებოდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმი 470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა – ჯამში 131 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 2015 წელს 447 ათასზე მეტ მოქალაქეზე 123 მლნ-მდე ლარი გაიცა.