თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება. საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ.
„ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა“ — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
პავილიონი „თამადა“ სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა.