თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სს „თელასი“ აგრძელებს ელექტროქსელის რეაბილიტაციას. სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზები. ასევე ჩატარდება სატრანსფორმატორო ჯიხურების და მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები, იტყობინება კომპანია „თელასი“.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაზრდა და ქსელში წარმოქმნილი ავარიების (გათიშვების) მინიმუმამდე დაყვანა.
იმისათვის, რომ ზემოხსენებული პროექტის განხორციელების დროს აბონენტების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, კომპანიამ ასევე დაიწყო სარეზერვო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურების დამატებითი კაბელებით აღჭურვა. შესაბამისად, მომავალში ელექტრომომარაგების ძირითადი ხაზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლებელი გახდება სარეზერვო ხაზით. ეს ყველაფერი მოსახლეობის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას ემსახურება.
სარემონტო სამუშაოები გათვალისწინებულია 35 საკვანძო ქვესადგურში და 1665 სატრანსფორმატორო ქვესადგურში.
„აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ — განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.
პროფილაქტიკური სამუშაოები თბილისის ყველა რაიონში ეტაპობრივად ჩატარდება. დღის მანძილზე ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება კონკრეტული უბნის მაქსიმუმ 2000-3000 აბონენტს, რაც მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია (სს „თელასის“ მომხმარებელთა საერთო რიცხვი 530 000 აბონენტამდეა).
სს „თელასი“ საინფორმაციო საშუალებებით წინასწარ გამოაცხადებს ყოველი კონკრეტული სამუშაოს ჩატარების თარიღს, დროს და ქუჩების ჩამონათვალს, რომლებსაც შეეხება ელექტროენერგიის შეზღუდვა.