ბონდარენკო ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე გახდება

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშისტანისლავ ბონდარენკო
სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მსახიობის პარტნიორი, მაგრამ მედიაში აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ნიკი კეშელავას კანდიდატურას განიხილავენ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ტელეარხ „იმედზე“ პოპულარულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონში მიიღებს მონაწილეობას, აღნიშნულია არხის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მეექვსე სეზონი 5 აპრილს დაიწყება. გადაცემები ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე დაიწყება.

ვინ გახდება სტანისლავ ბონდარენკოს პარტნიორი, ტელეარხის პროდიუსერები ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ. თუმცა, მედია აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ნიკი კეშელავას კანდიდატურას განიხილავს.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ქართველ ავადმყოფ ბავშვს დაეხმარება

შოუს სხვა მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად ჯერჯერობით ასევე არ დასახელებულა.

ბონდარენკო ამჟამად თბილისში იმყოფება და „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოსვლისთვის ემზადება.

ბონდარენკო მარტის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა თბილისში. ის მძიმედ დაავადებული 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობდა.

ბონდარენკოს მოზარდის დასახმარებლად ქართველმა აქტივისტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართეს. მსახიობი უანგაროდ დახმარებას მაშინვე დაეთანხმა.

რუსმა მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც ზურიკელას როლი შეასრულა. სპექტაკლის შემდეგ ბონდარენკო ქართველ საესტრადო მომღერლებთან და ანსამბლ „სუხიშვილებთან“ ერთად საქველმოქმედო კონცერტზე გამოვიდა. შემოსული თანხა მთლიანად მიხეილის მკურნალობას მოხმარდება.

სტანისლავ ბონდარენკო ისეთი სერიალებისა და კინოფილმების ვარსკვლავია, როგორებიცაა: „სიყვარულის თილისმა“, „სასწაულის მოლოდინში“, „სიყვარულის სახელით, „კაპიტნის შვილები“, „ხაფანგი“, „დედაჩემი წინააღმდეგია“, „ლამაზმანები“, „პროვინციელი გოგონა“, „დამიბრუნე სიყვარული“ და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0