თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის მერია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას იწყებს — ტენდერი სამი კვირის შემდეგ გამოცხადდება, განაცხადა შაბათს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომპანია „სი-თი-პარკს", რომელიც თბილისს ემსახურება, უკვე ჩამოერთვა 500-ზე მეტი ადგილი, რომლებზეც წინა ხელისუფლებას პარკირების ნებართვა ჰქონდა გაცემული.
თბილისი მერის სიტყვებით, პარკირება ეტაპობრივად ამჟამად არსებულ 1500-მდე ადგილზე გაუქმდება.
"დაახლოებით 1500-მდე ადგილი კიდევ აქვთ მათ დარჩენილი და ამ ადგილებზე პარკირება ეტაპობრივად გაუქმდება. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დისკომფორტია ავტომობილის მფლობელებისთვის. ამიტომ ჩვენ დედაქალაქში საპირისპირო ღონისძიებაც დავიწყეთ. მრავალსართულიანი პარკენგების მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია მზადდება, რომელიც დაახლოებით სამ კვირაში უკვე მზად იქნება. მერიას ჩაბარდება და ამაზე დაყრდნობით საინვესტიციო პროექტებს მოვამზადებთ და გამოვაცხადებთ ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობის დაწყებას, რაც არსებულ მდგომარეობას დაარეგულირებს", – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ „სი-თი-პარკთან“ ხელშეკრულება ქალაქის საზიანოდ გააფორმა, თუმცა ახლანდელმა ხელისუფლებამ სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო. კონტრაქტის მიხედვით, კომპანია ვალდებული არ არის ქალაქში პარკირების ადგილები მოაწყოს, ამიტომაც ის არაფერს აკეთებს.
მისი სიტყვებით, კომპანიამ „სამი ევაკუატორი შეიძინა და დროდადრო საღებავს ყიდულობს, რათა გადაღებოს პარკირების ადგილები“.
„ყოველწლიურად კომპანია თბილისელებისგან 30-35 მილიონ ლარს იჯიბავს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
კომპანია „სი-თი-პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა კიდევ 10 წელი აქვს.