თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა — შეკრებილები თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
აქციის ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ თუ თბილისის მერი დავით ნარმანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი გააგრძელებენ აქციებს და საკრებულოს მერის იმპიჩმენტის პროცედურის მოთხოვნით მიმართავენ, იუწყება Palitra news.
„მოვითხოვთ, უარი ითქვას მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე როგორც ალექსიძის, ისე აფაქიძის ქუჩაზე, რომ მრავალსართულიანი კორპუსების ადგილზე სარეკრეაციო ზონები მოეწყოს. მოვითხოვთ, თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ცენტრალურ უბნებში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. თუ თბილისის მერი მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, საკრებულო მერის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს“, — განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერიასთან დავით ნარმანიას ფიტული მიიტანეს.