თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ძიუდოში თბილისის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ ფაბიო ბასილეს სძლია.
ამ წარმატების წყალობით მარგველაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა მიიღო და საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზიით უზრუნველყო.
„ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, გამარჯვების უზარმაზარი სურვილი მქონდა, მით უმეტეს, მინდოდა, ეს თბილისში, ჩემი გულშემატკივრების თვალწინ გამეკეთებინა", — განაცხადა მარგველაშვილმა სააგენტოს კორესპონდენტთან საუბარში.
„ერთი მხრივ, გვიხარია ვერცხლი, მეორე მხრივ — არა. ფაბიოს აქვს პოტენციალი და კარგი ტექნიკა. მას შეეძლო ოქროს მოგება, მაგრამ კონცენტრაციის ხუთწამიანმა მოდუნებამ პირველი ადგილი დააკარგვინა“, — ასეთი კომენტარი გააკეთა ფინალურ ორთაბრძოლაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო ბრუიერმა.
ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს ამირან პაპინაშვილმა მოუტანა (-60 კგ). მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თურქი ბექირ ოზლუ დაამარცხა.
„ჩემთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგანაც ჩემს უშუალო კონკურენტს მოვუგე და ეს სეზონში უკვე მეორედ გავაკეთე“, — განაცხადა პაპინაშვილმა შეჯიბრების მერე.
ასპარეზობის პირველი დღით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე.
„იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეები უფრო წარმატებული იქნება და დასახულ მიზნებს მივაღწევთ“, — აღნიშნა უზნაძემ.
ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეეძლო მარიამ ჯანაშვილსაც (-52 კგ), მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ მირი კიმთან წააგო.
დღეს ჯილდოების ოთხი კომპლექტი თამაშდება. მამაკაცთა შორის ძიუდოისტები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო ქალთა შორის — 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.