თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისის ყველა საბავშვო ბაღი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
დედაქალაქის საბავშვო ბაღების ნაწილი ხუთშაბათს თანამშრომელთა პროტესტის გამო არ მუშაობდა. საბავშვო ბაღების აღმზრდელები პროტესტს გამოთქვამდნენ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა ნაწილი აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე გაათავისუფლა. სულ თანამდებობიდან 25 ბაგა-ბაღის დირექტორი გათავისუფლდა.
„გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. თითოეული ბაღის თანამშრომელი მოწოდებულია, პატარებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას“, — აცხადებენ უწყებაში.
სააუდიტორო სამსახურმა დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება 2015 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ჩაატარა. სულ თბილისში 161 ბაღი შემოწმდა.
გამოვლენილ დარღვევებს შორისაა სახსრების გადაჭარბებული ხარჯვა კვების პროდუქტებზე და არამიზნობრივი ხარჯები.