თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თუ საბავშვო ბაღების დირექტორებს მიაჩნიათ, რომ ისინი უსამართლოდ გაათავისუფლეს, მათ სასამართლოს უნდა მიმართონ და საკითხი გაფიცვებით არ უნდა გადაჭრან, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საბავშვო ბაღების აღმზრდელები პროტესტს გამოთქვამენ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა ნაწილი აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე გაათავისუფლა. სულ თანამდებობიდან 25 ბაგა-ბაღის დირექტორი გათავისუფლდა. ზოგიერთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
„მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ის უკანონოდ არის გათავისუფლებული, ამისთვის არის სამართლებრივი მექანიზმები და სასამართლო“, — განაცხადა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სააუდიტორო სამსახურმა დედაქალაქის საბავშვო ბაღებში ინსპექტირება 2015 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ჩაატარა. სულ თბილისში 161 ბაღი შემოწმდა.
გამოვლენილ დარღვევებს შორისაა სახსრების გადაჭარბებული ხარჯვა კვების პროდუქტებზე და არამიზნობრივი ხარჯები.