საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზაზე

© photo: Sputnik / Levan Avlabreliაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ ჭყოიძე

საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს აშშ-სთან, რუსეთთან, ევროპასთან, ჩინეთსა და ირანთან.

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე  სერიოზულად  საუბარი მიზენშეწონილი არ არის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის არარეალურია. ნატო-ს წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტები თავად ამბობენ, რომ საქართველო ნატოში ვერასდროს შევა. მაგალითისთვის გავიხსენოთ  აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადება, უკრაინა და საქართველო არათუ ვერ შევლენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, არამედ არცკი ადგანან ნატო-ს  გზასო; გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადება, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვერ მიიღებს, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურა იცვლება

სამხედრო ალიანსში გაწევრიანებით ჩვენს ქვეყანას შესაძლოა რეალური საფრთხეები არ დაემუქროს, მაგრამ თუ დავაკვირდებით დასავლელი ლიდერების განცხადებებს, აღმოვაჩენთ, რომ მათში საქართველოს ნატოს სამხედრო პლაცდარმად ქცევაზეა საუბარი — ავღანეთის, ერაყისა და იმის მსგავსად, როგორიც სირიაში სურდათ, რომ ჰქონოდათ. რაც კატასტროფა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. საქმე ისაა, რომ დასავლეთში არსებულ ულტრა-ლიბერალური ძალებს სურთ, რომ რუსეთის საზღვართან იყოს დაძაბულობა, რომ იქ რაღაც გაურკვეველი ტიპის სამხედრო ბაზები განთავსდეს, რომლებსაც, რაღა თქმა უნდა, ნატო გააკონტროლებს — ისევე, როგორც, მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელსაც, თინათინ ხიდაშელს, თავიდან ბოლომდე აშშ მართავს.

ნატო — ეს ლამაზი ფოჩიანი კანფეტია, მაგრამ ჩვენ რეალურად მის წევრობას კი არ გვთავაზობენ, არამედ ალიანსის პლაცდარმად ქცევას, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, კონფლიქტი წამოიწყოს, გნებავთ, რუსეთთან, გნებავთ, ირანთან. ეს კი ნამდვილად სავალალო და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველოს ოფიციალური საგარეო კურსი — ეს ნატოა. მაგრამ ვინ ილტვის ნატოსკენ — ქართველი ხალხი თუ საქართველოს ხელისუფლებები? აქვე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ დღევანდელი და წინა ხელისუფლებები, ვინაიდან, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. მართალია, ცოტანი, მაგრამ მაინც არიან. თანაც მათი რაოდენობა თანდათან მატულობს.

აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ნატო ქართული საზოგადოების არჩევანი კი არ არის, არამედ წინა ხელისუფლებების მაღალჩინოსნებისა, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, მოსყიდულები იყვნენ, რიგ შემთხვევაში კი  მხოლოდ იმიტომ ნიშნავდნენ თანამდებობებზე, რომ მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს დასავლეთისა და ამერიკის ერთვექტორიან პოლიტიკას.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტზე საუბრისას, რომლიც 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც ხალხს ატერორებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, პატიმრებს აუპატიურებდნენ… არჩევნებიცა და პლებისციტიც, რეალურად, ტირანული რეჟიმის პირობებში ჩატარდა. ამიტომ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მართლა დაუჭირა თუ არა ქართულმა საზოგადოებამ მხარი ნატოში გაწევრიანებას.

იმისათვის, რომ გავიგოთ, უჭერს თუ არა ქვეყნის მოსახლეობა მხარს ალიანსში გაწევრიანებას, სულ მცირე, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ოღონდ, თავისუფალ გარემოში, რა დროსაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ აზრს.

ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნება სამხედრო ნეიტრალიტეტი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს არცერთი უცხო ქვეყნის ჯარისკაცი. მათ შორის, არც რუსეთისა. ამ საკითხებზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვესაუბროთ როგორც რუსეთს, ისე ამერიკას, ევროპასა და ჩინეთს, რომელიც ზესახელმწიფოდ ყალიბდება. მათთვის და მსოფლიოსთვისაც გაცილებით მომგებიანი იქნება ნეიტრალური საქართველო, ნეიტრალური ქვეყანა, სადაც ყველა ამ სუბიექტს შეეძლება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების რაღაც დოზით გატარება, ვიდრე რომელიმე ერთი ზესახელმწიფოს მხარდამჭერი საქართველო, რომელსაც შემდგომში აუცილებლად დაუპირისპირდება სხვა ზესახელმწიფოს ინტერესები. რაც, რეალურად, არც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რეგიონი განვითარდეს და არც მათ მისცემს იმის საშუალებას, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს და მათი გეოპოლიტიკური ინტერესები გატარდეს.

სწორედ ეს ზესახელმწიფოები უნდა გახდნენ ჩვენი სამხედრო ნეიტრალიტეტის გარანტები, ვინაიდან, რაც არ უნდა ძლიერი არმია გვყავდეს, მაინც ვერ შევძლებთ რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს მოგერიებას. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც.

მთავარია, რომ ნეიტრალიტეტი ჩვენ გვაწყობდეს და ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა აშშ-სთან, რუსეთთან, ევროპასთან, ჩინეთთან და ირანთანაც კი, რომელიც რეგიონში სერიოზული მოთამაშეა.

როგორც ჩანს, საქართველოში არსებული მდგომარეობა, აშშ-ის გარდა, სხვა ქვეყნებს არ აწყობთ. სწორედ ამან მოგვიტანა მავთულხლართები,  დაკარგული ტერიტორიები და რიგი ეკონომიკური პრობლემები.

ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია დავაბალანსოთ ჩვენი პოლიტიკა, ანუ არ დავდგეთ რომელიმე ერთ მხარეს და არ ვიქცეთ რომელიმე ერთი ზესახელმწიფოს მარიონეტულ ქვეყანად.

ყველა ახალი ამბავი
0