თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ახალი სტრუქტურა ექნება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
უშიშროების საბჭოზე მოხსენება შეიარაღებული ძალების რეფორმის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ წარადგინეს.
„ვისაუბრეთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვან საკითხებზე. ახალი სტურქტურა დავაფუძნეთ, რომლის მიხედვითაც იქნება ორი სარდლობა — აღმოსავლეთისა და დასავლეთის“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბჭოზე ასევე ისაუბრეს ნატოს მომავალ სამიტზე და საქართველოს პოზიციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენი პოზიცია და გზავნილი არის ძალიან ნათელი. საქართველო ესწრაფვის ნატო-ში გაერთიანებას და ამისთვის განხორციელდება ჩვენი მუშაობა მომავალი სამიტის თვალსაზრისით“, — დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.