თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა გახდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ინციდენტი პარასკევს, 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მოხდა, სადაც ყოფილი დიპლომატი ლევან მიქელაძეა დაკრძალული. პეტრიაშვილს ამ დროს სამი ადამიანი ახლდა. მას რამდენიმე ტყვია მოხვდა. ამჟამად პეტრიაშვილი საავადმყოფოში იმყოფება, სადაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
"ეს საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომის თემა არ იყო, ბატონი ალექსი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელი ადამიანია, ბუნებრივია, მოვიკითხეთ ეს საქმე და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება", — განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია შსს-სა და პროკურატურის მუშაობა იმისთვის, რომ ასეთი დანაშული მომავალში აღარ მოხდეს.
„ყველა სახელმწიფო უწყება, განსაკუთრებით შსს და პროკურატურა უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ ასეთი დანაშული არ ხდებოდეს“, — დასძინა მან.