თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სექსუალური ხასიათის კადრების გადაღებასა და გავრცელებაში ყოფილი მინისტრები არიან გარეულები, განუცხადა ჟურნალისტებს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა.
საქართველოში სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობით სექსუალური ხასიათის ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით.
„დასახელდა უკვე გამოძიების ეტაპზე ორი სახელი და გვარი, რომელსაც აქვს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა. მათ შორის, ყოფილი მინისტრები. მათ შორის, ერთი გვარი, ვის სახლშიც ხდებოდა კადრების გადაღება“, — განაცხადა ტატიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, ფარული კადრები, რასაც არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში, არამედ მოქმედი ხელისუფლების პერიოდშიც იღებენ, მონტაჟდება საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში.
ტატიშვილმა შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკითხვაზე. დაკითხვაზე მისი დაბარების მიზეზები უცნობია.
საქართველოს პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა, რომ მსგავს საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე არიან დაკავებულები. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ინგა ჩატოიანი.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ვინმე გელა ღურწკაიამ მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“–ის დირექტორ ელისო კილაძეს ერთი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენა მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. პროკურატურას არ განუმარტავს, რა ხასიათისა იყო ეს კადრები. ღურწკაია 2016 წლის თებერვალში დააკავეს.
საქართველოს მთავარი პროკურატურა სოციალური ქსელებით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კიდევ ორ საქმეს იძიებს.
მარტის დასაწყისიდან Youtube–ზე ორჯერ გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები ქართველი პოლიტიკოსების ცხოვრებიდან. 11 მარტს პირველად გამოქვეყნებულ ჩანაწერში სახეები ჩანდა, ხოლო შემდგომ ჩანაწერში ვიდეოს ავტორს სექსუალური სცენის მონაწილეების სახეები დაფარული ჰქონდა. ავტორი იმუქრებოდა, რომ მალე კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებდა ქართველი მაღალჩინოსნებისა და ერთი პოპულარული ჟურნალისტის ცხოვრებიდან.