თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საჯარო პირების ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება — ეს მთელ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე თავდასხმაა, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
Youtube–ზე უკვე მეორედ გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები ქართველი პოლიტიკოსების ცხოვრებიდან. 11 მარტს პირველად გამოქვეყნებულ ჩანაწერში სახეები ჩანდა, ხოლო შემდგომ ჩანაწერში ვიდეოს ავტორს სექსუალური სცენის მონაწილეების სახეები დაფარული ჰქონდა.
ავტორი იმუქრებოდა, რომ მალე კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებდა ქართველი მაღალჩინოსნებისა და ერთი პოპულარული ჟურნალისტის ცხოვრებიდან.
„ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე მე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემ საზოგადოებას არავის არ დავატერორებინებ“, — განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 მარტს ანალოგიურ საქმეზე ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააპატიმრა. გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში ვინმე გელა ღურწკაიამ მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“–ის დირექტორ ელისო კილაძეს ერთი პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ანახა მათი შემდგომი გამოქვეყნების მიზნით. პროკურატურას არ განუმარტავს, რა ხასიათისა იყო ეს კადრები.
ღურწკაია 2016 წლის თებერვალში დააკავეს. სულ საქმეში ხუთი ადამიანი ფიგურირებს, რომელთაგან ოთხი უკვე დაპატიმრებულია.