თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ, თუმცა არის იმის რესურსები, რომ მათი პოტენციალი გაუმჯობესდეს, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „მთავარში“.
ბრიუსელში სამშაბათს მომხდარმა აფეთქებებმა მსოფლიო საზოგადოება შეძრა. საქართველოშიც გაძლიერებულია დაცვის ზომები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ასევე გამკაცრებულია კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში.
„ამჟამად არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ცუდად მუშაობენ. ამის საფუძველი ნამდვილად არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვისაა იმის აუცილებლობა, რომ ისინი უკეთესი, უფრო განვითარებული იყვნენ. ამის რესურსი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აქვს“, — განაცხადა ბოძაშვილმა.
ბრიუსელში 22 მარტს რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ორი აფეთქება საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, მოგვიანებით კიდევ ერთი – მეტროში. პასუხისმგებლობა მომხდარზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. კრიზისული ცენტრის მონაცემებით, ტერაქტებს 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 დაიჭრა.