თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე გავრცელებული ჭორი სიმართლეს არ შეესაბამება, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პარტიის აპრილში დაგეგმილი ყრილობის წინ ყოფილ პრემიერთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, საქართველოში ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. მოგვიანებით თავად კობახიძემ განაცხადა, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დგას.
„არ არის სიმართლე. პრემიერთან არანაირი საუბარი და განხილვა არ ყოფილა ამ თემასთან დაკავშირებით. გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუ რამე სხვა ინფორმაცია გაქვთ, მე არ ვიცი“, — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე გამორიცხა კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
ღარიბაშვილი 2015 წლის ბოლოს თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა და განაცხადა, რომ მას დასვენება სჭირდება. ამჟამად ყოფილი პრემიერი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ფორმალურად ხელმძღვანელობს. პარტიის ახალ თავმჯდომარეს, რომელზეც მოქმედი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის პრემიერად 2012 წელს აირჩიეს, 2013 წლის ბოლოს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა.