თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დეპუტატი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ნაჩქარევი იყო.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პარტიის ყრილობის წინ (აპრილში) ყოფილ პრემიერთან კონსულტაციების გამართვას აპირებს, საქართველოში ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.
„ბატონი ირაკლის ჩართულობას „ ქართული ოცნების“ მუშაობაში მე მხოლოდ მივესალმებოდი. თუ ის დაბრუნდება პარტიაში და, საერთოდ, პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი, იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, რესურსი და ცოდნა. მე ვფიქრობ, მას შეუძლია ეს მოახმაროს საზოგადოებრივ საქმეს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, — განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ღარიბაშვილი 2015 წლის ბოლოს თანამდებობიდან მოულოდნელად გადადგა და განაცხადა, რომ მას დასვენება სჭირდება. ამჟამად ყოფილი პრემიერი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ფორმალურად ხელმძღვანელობს. პარტიის ახალ თავმჯდომარეს, რომელზეც მოქმედი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი, პარტიის ყრილობაზე აირჩევენ.