თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის ირლანდია პირველად ლიდერობს — საგარეო სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, 2015 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდთან შედარებით, წლის დასაწყისიდან 22 170%-ით გაიზარდა და 209,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამ პერიოდში ბრუნვამ ირლანდიასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 14,8% შეადგინა.
იანვარ-თებერვალში საქართველოდან ირლანდიაში ექსპორტის მოცულობა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77%-ით გაიზარდა და 65 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ირლანდიაში ძირითადად მანგანუმის ჟანგი იყო ექსპორტირებული.
საანგარიშო პერიოდში ირლანდიიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. იანვარ-თებერვალში, გასული წლის იანვარ-თებერვლის პერიოდთან შედარებით, ირლანდიიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 23 060%-ით გაიზარდა და 209,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ საქართველოს იმპორტის მთლიანი მოცულობის 18,5%.
საანგარიშო პერიოდში ირლანდიიდან საქართველოში შემოტანილია 208,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები. 2015 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში სამკურნალო საშუალებების იმპორტმა დაახლოებით 13 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სითხის ან აირის დანახარჯის, ან სხვა მახასიათებლების გამზომი მოწყობილობებისა და აპარატურის იმპორტმა 367,2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ეს პროდუქცია საერთოდ არ შემოსულა.
2015 წელს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის ირლანდიას მეშვიდე ადგილი ეკავა. 2015 წელს საქართველოსა და ირლანდიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 458,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის ექსპორტმა საქართველოდან — დაახლოებით 2,2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ირლანდიიდან იმპორტმა — 456, 2 მლნ აშშ დოლარი.