თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ქართველ ქალებს კარიერაში სტერეოტიპები და ზედმეტი თვითკონტროლი უშლის ხელს, მიიჩნევს ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ანი მიროტაძე.
„საქართველოში ქალების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულებაა და ბევრი, მათ შორის ქალებიც ფიქრობენ, რომ ქალის ადგილი ბავშვებთან და ოჯახშია, რომ მან კარგი ბავშვები აღზარდოს, იყოს კარგი დიასახლისი და ასე შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არასწორია და კარგია, რომ ამ სტერეოტიპების დამსხვრევა დავიწყეთ“, — განაცხადა მიროტაძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
გენდერული თანასწორობის პრობლემები ბევრ ქალს უშლის ხელს, თუმცა ადრე ეს პრობლემა საქართველოში უფრო მწვავე იყო, აღნიშნა მან.
„ქალი ფიზიკურად, შეიძლება, არც ისე ძლიერია როგორც მამაკაცი, მაგრამ რაც შეეხება ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ან სხვა რესურსებს, არცერთი ქალი არაა მამაკაცზე ნაკლები“, — დარწმუნებულია მიროტაძე.
ამავდროულად, მიროტაძის თქმით, თავისი კარიერული ზრდისთვის არასდროს შეუშლია ხელი იმას, რომ ის ქალია.
„მე, მაგალითად, გენდერის ნიშნით წინაღობა არასდროს მქონია. ყოველთვის შემეძლო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება. ამიტომ, ვფიქრობ, ეს უფრო ძლიერი ქალის უნარზეა დამოკიდებული, ვიდრე იმაზე, უნდა თუ არა მისი შეზღუდვა ვინმეს. თუ მკითხავთ, გამივლია თუ არა დანაღმულ ველზე — დიახ, გამივლია. მაგრამ დამისახელეთ თუნდაც ერთი მამაკაცი, რომელსაც ეს ველი არ გაუვლია. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის ყველაფერი ადვილია, ხოლო ქალისთვის — არა“, — აღნიშნა დეპუტატმა.
წარმატების მისაღწევად რამდენიმე თვისება უნდა გქონდეს, მაგრამ მთავარი საკუთარი თავის რწმენაა, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
„პირველი — ეს მოთმინებაა, რადგანაც ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება საქმეს ავნოს. მეორე — სხვების მოსმენის უნარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას. და მესამე — აუცილებელია იყოთ თამამი და საკუთარ თავში დარწმუნებული… ქალს საკუთარი შესაძლებლობების მტკიცედ უნდა სჯეროდეს და მაშინ აუცილებლად მიაღწევს თავისას“, — დაასკვნა პოლიტიკოსმა.
მიროტაძემ კარიერა ბეჭდვით გამოცემებში დაიწყო — თავდაპირველად მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ „ახალ თაობაში“, შემდეგ იყო გაზეთ „თბილისის უწყებანის“ მთავარი რედაქტორი. შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა, ხოლო 2006-2011 წლებში საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ ხელმძღვანელობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში, მიროტაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა.