ნესტან კირთაძე საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი, "წარმატებული ქალების საერთაშორისო კლუბის" თანადამფუძნებელი და „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საერთაშორისო მოძრაობის“ დაამაარსებელია. გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქალს შეუძლია გახდეს სახელმწიფოს მეთაური. საპრეზიდენტო არჩევნები მან ვერ მოიგო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაუყრია, თვლის, რომ ქალს არაფერი უშლის ხელს პოლიტიკურ მოღვაწეობაში, მთავარია — სურვილი, მიზანი და პროფესიონალიზმი.
— პოლიტიკაში წასვლა ეს არ იყო გემოვნების საკითხი, ვინაიდან ეს იყო ბობოქარი მე-20 საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა და როდესაც ამ მოძრაობის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დიდი მოედანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. აქ თავს იყრიდნენ ნიჭიერი, გაბედული და მამაცი სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც პარალელურად იყვნენ მაშინ არაფორმალებად წოდებული პოლიტიკური ლიდერები. აქ უკვე დაიწყო, რა თქმა უნდა, აზრთა ჭიდილი იმაზე, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა მიჯნის წინაშე იდგა საქართველო და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მე მაშინ ვიყავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, ჩემი კურსელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია, რომელმაც ჩემზე მოახდინა დიდი გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ მე მეფიქრა როგორც მეცნიერს და როგორც პოლიტიკოსს.
– რამდენად რთული იყო პოლიტიკური საქმიანობა თქვენთვის, როგორც ქალბატონისთვის, და ძირითადად რა სახის სირთულეებს აწყდებოდით?
— ეს იყო ურთულესი პერიოდი. ურთულესი ქვეყნის მდგომარეობის გამო და მე შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში სწორედ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. დაიწყო თბილისში ძმათამკვლელი ომი, როდესაც დამხობილი იქნა პირველი ეროვნული ხელისუფლება და გაძევებული იქნა პრეზიდენტი, პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და ყველა არჩევითი ორგანო. ქვეყანა პრაქტიკულად მოექცა ნანგრევებში. ამ ვითარებაში როდესაც მოდიხარ პოლიტიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ წინაშე დგას უზარმაზარი პასუხისმგებლობა, გამოწვევები, ამოცანები. ერთი მხრივ უნდა იფიქრო ქვეყნის ერთიანობის პოლიტიკურ ტენდენციებზე და მეორე მხრივ ქვეყანა ნანგრევებიდან ამოიყვანო.
– ძნელია პოლიტიკაში საქმიანობა ქალისთვის?
— მე პოლიტიკაში სქესის მიხედვით არავის შევურჩევივარ, აქ ლაპარაკი პროფესიონალიზმზე იყო. მე პროფესიით ისტორიკოსი და პოლიტოლოგი ვიყავი და იმ დროს, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე, ძალიან პოპულარული. ჯერ კიდევ 1988 წლიდან იბეჭდებოდა ჩემი პუბლიკაციები სხვადასხვა ცნობილ და პოპულარულ გაზეთებში, ჟურნალებში საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ. მაშინ პირველად ხდებოდა გაცნობიერება თუნდაც ჩემი თაობის ახალგაზრდებში, რა იყო 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორი იყო პირველი რესპუბლიკა. მერე ეს იბეჭდებოდა წიგნებად. რასაკვირველია, მე ამ შემთხვევაში ვიყავი ის პროფესიონალი, რომელმაც ზუსტად ვიცოდი, რა იყო პოლიტიკა და მით უმეტეს გააზრებული მქონდა, რა იყო სვლა თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ. ამიტომაც ჩემი წასვლა პოლიტიკაში არ მომხდარა გენდერული ნიშნით, ეს იყო წმინდა პროფესიონალური ნიშნით.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკაში სქესი?
— მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკას სქესი აქვს, პოლიტიკას აქვს ერთადერთი ნიშანი — პროფესიონალიზმი. სამწუხაროდ, ის დღევანდელი, საკმაოდ კომიკური პოლიტიკური სცენა, რომელიც საქართველოში არის, გამოწვეულია არა სქესით, არამედ არაპროფესიონალიზმით. საქართველოს პარლამენტში და მთავრობაში, რამდენიმე კარგი გამონაკლისის გარდა, პროფესიონალები არ არიან. ქალი პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა, არა სამკაული პოლიტიკისთვის, არამედ ეს არის პრინციპების, უკანდაუხევლობის და პროფესიონალიზმის გამოხატულება.
– ფიზიკურად რამდენად ასატანია ქალისთვის ის დატვირთვა, რასაც პოლიტიკა მოითხოვს?
— ეს არის საკმაოდ რთული არჩევანი, ვინაიდან მართლაც 24-საათიან რეჟიმში გიწევს მუშაობა. დღის წესრიგი ძალიან რთულად დგება. გიწევს ურთიერთობა მასმედიასთნ, საერთაშორისო ურთიერთობები, არის მიტინგები, მანიფესტაციები, მაგრამ თუ არჩევანს აკეთებს ქალი პოლიტიკის სასარგებლოდ, როგორც პროფესიონალი, ეს, რა თქმა უნდა, მისთვის ბევრად უფრო საინტერესო ხდება.
– პარლამენტში ქალების კვოტირების ინიციატივაზე რას ფიქრობთ?
— რაც არ უნდა მომხიბლავად ჟღერდეს „უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში“ და, ასე ვთქვათ, იწვევდეს ქალურ სოლიდარობას, მე მაინც არ ვარ ამის მომხრე, იმიტომ, რომ ყველა დროს, ყველა პოლიტიკურ პერიოდს და ეტაპს აქვს თავისი უსერიოზულესი გამოწვევები. მით უმეტეს დღეს, როცა საქართველო საერთაშორისო პროცესში ყველა მიმართულებით არის ჩართული და თუ დღეს პოლიტიკაში მოსული ქალი არ იქნა მართლაც ძალიან მაღალი პროფესიონალი, მას აუცილებლად გაუჭირდება. იგი ან ჩვეულებრივ არითმეტიკულ ჯამში ჩაითვლება, ან გახდება ჩვეულებრივი ყვითელი პრესის საგანი და პოლიტიკას ის ვერაფერს შემატებს. ამიტომაც ხელოვნური კვოტირება, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. თუმცა აბსოლუტურად მესმის, რომ მისი ინიციატორები ქალთა ორგანიზაციები არიან, რომლებსაც ქალური სოლიდარობა აქვთ. ეს მათი მოქმედების სარბიელია და მათ უნდა გამოხატონ ასეთი ტიპის სოლიდარობა ქალების მიმართ, მათი თავისუფლების, წარმატების მიმართ. მაგრამ პოლიტიკას სხვა მოთხოვნები აქვს. პოლიტიკის მოთხოვნები არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ქალთა ორგანიზაციებს წარმოუდგენიათ, და ეს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმია.
– დღეს რამდენად აქვთ ქალებს პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი და რამდენად კარგად გამოსდით თქვენი აზრით?
— რამდენად კარგად გამოსდით ქალებს პოლიტიკური მოღვაწეობა, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. პოლიტიკაში წასვლის სურვილი კი ალბათ ქალებსაც და მამაკაცებსაც აქვთ, ვინაიდან დღეს ეს ყველაზე გარანტირებულად დასაქმებული ბიზნესია. ამიტომაც ამ მიმართულებით თითქმის ყველა ილტვის და მხოლოდ ოცნებების და ემოციების დონეზე არა. ერთმანეთს ფეხის დადებით და ათასგვარი საოცრებებით იცილებენ გზიდან იმისთვის, რომ ისინი ამ გარანტირებულ დასაქმებულ სივრცეში ჩადგნენ. ამიტომაც იმას, რაც დღეს ხდება, მე ვუყურებ, როგორც პრიმიტიულ, პროვინციულ გზას დასაქმებისკენ, და არა იმ მაღალ მატერიას, რასაც ჰქვია თანამედროვე საქართველოს ურთულესი გამოწვევები.
– გენდერული ბალანსი რამდენად არის დაცული?
– პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის პროცენტული რაოდენობა ძალიან დაბალია. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პარლამენტს, მხედველობაში მაქვს მთავრობაც და ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მაგრამ ვთვლი, რომ ეს დაბალანსება პროფესიონალიზმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. თუმცა ამაზე უნდა იმსჯელონ არა ზოგადად ექსპერტებმა, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმა.
– არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში ქალებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაზე მეტად პრიორიტეტული ოჯახია. ეთანხმებით?
— სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე ჯანმრთელი მამაკაცები და ქალბატონები, მე ვგულისხმობ ასაკობრივ და ფიზიკურ მონაცემებს, ტოვებენ სახლებს და უცხოეთში მოჯამაგირეებად მიდიან იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები გადაარჩინონ. ასე რომ, აქაც დიფერენცირებულად გვმართებს მიდგომა. თუ გვინდა რაღაც ტიპის საექსპერტო რეალობა დავდოთ, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ოჯახს ვინმე ვერ დატოვებს.
– რთულია ქალი–პოლიტიკოსისთვის ყოველთვის მოწესრიგებულობა და ფორმაში ყოფნა?
— მოწესრიგებულად ყოფნა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. სწორად შედგენილი დღის წესრიგი აბსოლუტურად ყველაფრის დროსა და შესაძლებლობას ტოვებს. პოლიტიკოსი ნამდვილად ყოველთვის უნდა იყოს მოწესრიგებული, ვინაიდან ის საჯარო პირია.