თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ინტერპოლი აღარ ეძებს საქართველოს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, განაცხადა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა.
დათა ახალაიამ საქართველო 2012 წლის ოქტომბერში დატოვა. იმავე წლის დეკემბერში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა და მასზე ძებნა გამოაცხადა. 2014 წლის მარტში ახალაია საბერძნეთის ქალაქ პატრაში დააკავეს, საიდანაც ის ოთარ ურუშაძის პასპორტით იტალიაში გადასვლას ცდილობდა.
„საბერძნეთის უზენაესი სასამართლოსა და ქალაქ პატრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის (ახალაიას) მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე ქართულ მხარეს მის ექსტრადიციაზე უარი უთხრეს და ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" ზაქარეიშვილს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 მარტს დაუსწრებლად შეუფარდა დათა ახალაიას პატიმრობა 3 წლითა და 9 თვით — 2005 წელს ორი პოლიციელის ცემის გამო.
ამას გარდა დათა ახალაია ბრალდებულია ნავთლუღის სპეცოპერაციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებშიც.
თავის დროზე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ასევე ამოიღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს–ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
ამასთან, ინტერპოლმა უარი თქვა ძებნა გამოეცხადებინა საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ამჟამად უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორია.